როგორ დავიბანოთ თმა: დაბანის წესები
სწორი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში ლამაზი და მოვლილი თმის არსებობა თქვენს თავზე აუხდენელ ოცნებად არ დარჩება!გაეცანით ბრენდ სიელის სპეციალისტის მარტივ რეკომენდაციებს და თავად დარწმუნდებით ამაში. ხშირი, მბზინავი და ჯანმრთელი თმა ქალის ულამაზესი სამკაულია.თუმცა, რატომ, კაცებიც ხშირად იწონებენ თავს მოვლილი, ხშირი, ან გაზრდილი დალალებით, რომ არაფერი ვთქვათ მათ გამელოტებას გადარჩენილ თავზე ^_^ კარგი თმა ის ბაზაა, რომელზეც გარეგნობის ერთერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი, ვარცხნილობა იქმნება. სწორად შერჩეულ ვარცხნილობას კი თქვენი სახის, სტილის დადებითი შტრიხების გამოკვეთა შეუძლია.
თავის დაბანამდე აუცილებელია თმის დავარცხნა
უმჯობესია, თუ გამოიყენებთ მსხვილკბილა ხის სავარცხელს, ასე ღერები ნაკლებად დაგემუხტებათ და თმაც უფრო ცოტა დაგცვივდებათ. ის, რომ თქვენი თმის ტიპის შესაფერისი შამპუნი უნდა გამოიყენოთ, ეს უკვე ვიცით. დაბანისას შამპუნს ერთხელ, ორჯერ, თუ სამჯერ წაისვამთ, იმაზეა დამოკიდებული, რა მდგომარეობაშია თმა და რამდენად ხანგრძლივად გსურთ, სუფთად გაგიძლოთ.
შამპუნის ხელის გულზე აქაფვა და თმაზე შემდეგ გადატანა, ბევრად უკეთესია და უსაფრთხოც. დაიმასაჟეთ თავის კანი და ფრჩხილებით მსუბუქად მოფხაჭნეთ ის, იმიტომ რომ ეს სისხლის მიმოქცევას და თმის ძირებისათვის საკვები ნვთიერებების მიწოდებას აძლიერებს. პროცედურა სასარგებლოა მძინარე ფოლიკულების გასააქტიურებლადაც, რომლებიც ნებისმიერ სკალპზე მრავლადაა. მათი გამოღვიძების შემთხვევაში თქვენი თმა ხშირდება.
სისხლის მიმოქცევის გაძლიერების და თმის კარგად გასუფთავებისათვის სპეციალისტების უმრავლესობა თავის დაბანას საკმაოდ ცხელი წყლით გვირჩევს, ტემპერატურა შეიძლება იყოს 40-50 გრადუსიც კი, თუ ამას გაუძლებთ. თავის კანის მსუბუქი წვა მიგვანიშნებს იმაზე, რომ სისხლის მიმოქცევა გააქტიურებულია, რაც ძირების კვებას აძლიერებს.
სასარგებლო რჩევა
აღსანიშნავია, რომ ქერტლის საწინააღმდეგო და მამაკაცის შამპუნები მეტად აშრობს სკალპს, ვიდრე სხვა საშუალებები. შესაძლებელია თმის დაბანა სპეციალური საპნით, რომელიც რეკომენდებულია ამ პროცედურისათვის.
ყურადღება: მოცემული რჩევით გამხნევებულებმა თავი არ გაიფუფქოთ. კარგად გაუფრთხილდით მას, კიდევ გამოგადგებათ. ამის გარდა, ცხელი წლით დაბანა ზოგიერთი დაავადების დროს მიზანშეწონილი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ცხელი წყალი ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას ასტიმულირებს, რაც თმას ნაადრევად დააბინძურებს.
და კვლავ კარგი რჩევა
შამპუნი დაიწვეთეთ ხელის გულზე, დაასხით წყლის რამდენიმე წვეთი, აქაფეთ და მერე შეიზილეთ თმაში აქაფებული შამპუნი, ან საპონი თმაზე უნდა დარჩეს 2-3 წუთი, ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ. დაბანის ბოლოს გადაივლეთ შეძლებისდაგვარად გრილი წყალი, ეს დახურავს ფოლიკულებს და დაგიცავთ ღერების ამოვარდნისაგან. რაც შეეხება ძმრის, ლუდის, ლიმნის წვნის, თუ სხვა საშუალებების გადავლებას, ეს თქვენი საჭიროებიდან გამომდინარეობს, როგორ მოიქცევით, ერთმნიშვნელოვან რჩევას ვერ მოგცემთ. თუმცა, თუ მაინც გადაწყვეტთ აქედან რომელიმეს გადავლებას, საამისოდ უკეთეს ეტაპს ვერ შეარჩევთ.
სხვადასხვა სპეციალისტის აზრით, ბალზამის თმაზე დატანა შესაძლებელია როგორც დაბანამდე, ასევე დაბანის შემდეგ. დღეს ზოგი სპეციალისტი ისეთი სახეობის ბალზამის გამოყენებაზეც საუბრობს, რომლის ჩამობანაც არ არის აუცილებელი. თუ გსურთ, თმა ბზინავდეს, ადვილად ივარცხნებოდეს, იყოს ნაზი, ხოლო ბოლოებს ჰქონდეს ჯანსაღი იერი – გამოიყენეთ ბალზამი. ის მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს, ოღონდ თავის კანზე და თმის ძირებზე არ უნდა წაისვათ. გასათვალისწინებელია, რომ ბალზამის გამოყენების შემდეგ თმა უფრო ,,დავარდნილია“ და ადვილადაც ჭუჭყიანდება.
ზოგ შემთხვევაში უკვე დაბანილ თმაში სხვადასხვა ნიღაბს იზელენ. მთავარია, რომ ეს იყოს იმ ტიპის ნიღაბი, რომლის გამოყენებაც მიზანშეწონილია დაბანის შემდეგ და არა – დაბანამდე. ნიღაბი უნდა ჩამოიბანოთ მისი გამოყენების ინსტურქცაში მითითებული წესით.
თმის გაშრობა შეიძლება ფენის გარეშეც, მაგრამ, თუ მის გამოყენებას აპირებთ (რაც დროს დაგიზოგავთ), კარგი იქნება, თავზე და თმის მთელ სიგრძეზე მაღალი ტემპერატურისგან დამცავი სპრეი შეისხუროთ. ფენით გაშრობა-დავარცხნამდე სასურველია, თმას ჯერ შორიდან დაუბეროთ თბილი ნაკადით, ან პირსახოცით კარგად გაიმშრალოთ. ძალიან სველ თმაზე ცხელი ფენის მიმართვა კუტიკულას აზიანებს. თუ თქვენ ასევე გაინტერესებთ, როგორ გაიკეთოთ ქიმიური პილინგი სახლში, გაეცანით ამ სტატიას.
იმ ადამიანებისათვის, ვისაც ბუნებრივად ხუჭუჭი, ან ხვეული თმა აქვს და გაშრობის შემდეგ ასეთივე ფორმის შენარჩუნება უნდა, დაბანის შემდეგ დავარცხნა აუცილებელი არ არის. ხუჭუჭი და ხვეული თმა დაუვარცხნელად უფრო ლამაზად შრება, განსაკუთრებით, თუ სპეციალურ მუსს, ან გელს შეიზელთ. ამ ფორმის შესანარჩუნებლად ფენის გამოყენებაც მინიმალურად არის საჭირო. ყველა დანარჩენ შემთხვაში სველი თმის ძალიან მსუბუქად ჩამოვარცხნა სასურველია. ამ შემთხვევაშიც მსხვილკბილა ხის სავარცხელს გირჩევთ. სველი თავის კანიდან ღერები ადვილად ამოვარდება, ამიტომ დაუშვებელია თმის დაქაჩვა. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენი, ან თუ დრო გაქვთ, დაელოდოთ თმის გაშრობას.
ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ უკვე კარგა ხანია, ტრადიციულ საშუალებებს შეემატა მშრალი შამპუნები, რომელთა გამოყენების დროსაც თავის დასველება არ გვიწევს. ამ და სხვა საინტერესო პროცედურებზე შემდეგში ვისაუბროთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!
საუკეთესო სურვილებით, სტატიის ავტორი, ნატალია ზარნაძე