კომპლიმენტარული სუნამო: ყველას უნდა მოეწონოს ის?
კომპლიმენტარული სუნამო: ყველა უნდა მოჯადოვდეს შენი სუნამოთი?
სუნამოს ბევრ მოყვარულს სურს მიაკვლიოს ისეთ არომატს, რომელიც მასაც მოეწონება და გარშემომყოფებსაც მოხიბლავს მისი სურნელით. სუნამო არა მხოლოდ პიროვნული სტილის ნაწილია, არამედ შეუძლია, რომ ჩვენი შარმი და მიმზიდველობა გააძლიეროს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხშირად ვცდილობთ ისეთი სუნამოს შერჩევას, რომელიც, ჩვენი აზრით, სხვების ყურადღებასაც მიიქცევს, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის ადამიანის.
თუმცა, მიუხედავად ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ სუნამოს არჩევა პირველ რიგში ჩვენთვის უნდა იყოს სასიამოვნო. მნიშვნელოვანია, რომ არომატმა ჩვენ მოგვანიჭოს კომფორტი და სიამოვნება, განურჩევლად იმისა, როგორ რეაგირებენ სხვები.
ყველას ვერ მოეწონება შენი სუნამო
სხვა ადამიანების გემოვნება ხშირად განსხვავებულია. შენი კომპლიმენტარული სუნამო შეიძლება ერთ ადამიანს ძალიან მოეწონოს, ხოლო სხვა კი საერთოდ ვერ მოიხიბლოს. არსებობს ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული არომატები უბრალოდ არ მოსწონთ, და აღიზიანებდეთ კიდეც. ამ შემთხვევაში, შენი სუნამოს მიმართ დადებითი გამოხმაურების მოლოდინი არ იქნება ყოველთვის გამართლებული. ამ თემას ავსებს ჩემი სხვა სტატია, სათაურით – “სურნელის ქიმია: რატომ გვიყვარს ან გვძულს ზოგიერთი სუნამო”.
ზოგი ადამიანი უბრალოდ ვერ გრძნობს სურნელს
ზოგიერთი სუნამო (განსაკუთრებით, ნიშური და ექსკლუზიური), იმდენად დახვეწილია, რომ სხვები უბრალოდ ვერ ამჩნევენ მას, და შესაბამისად, ვერც შეაფასებენ მას. ყველას არ შეუძლია დახვეწილი მუსიკის მოსმენა, ან რთული ფილმის აღქმა. ასევე, შესაძლოა, ზოგ ადამიანს სურდო სჭირდეს, ყნოსვის პრობლემა ჰქონდეს და უბრალოდ ვერ იგრძნოს შენი კომპლიმენტარული სუნამო. ამიტომ, ნუ გააკეთებ დასკვნებს იმის მიხედვით, რომ შენი სუნამო “გაუგებარია” სხვებისთვის.
ზოგი ადამიანი ძალიან მორიდებულია და მიუხედავად იმისა, რომ შენი სუნამო მოსწონს, შეიძლება არ გამოთქვას საკუთარი აზრი. ზოგს კი, საერთოდ უჭირს კომპლიმენტის გაკეთება. სხვებს კი, შესაძლოა, უბრალოდ არ სიამოვნებდეთ შენს სურნელი და ამის შესახებ არ გითხრან, რადგან ტაქტის გრძნობა აქვთ და არ სურთ გული დაგწყვიტონ. ზოგ ადამიანს კი, შესაძლოა სულაც არ ვეხატებით გულზე და ჯინაზეც არ გაგვიკეთონ კომპლიმენტი
შენი კომფორტი ყველაზე მნიშვნელოვანია
სუნამოს არჩევისას, მთავარი მიზანი უნდა იყოს შენი პირადი კომფორტი და არა ის, თუ როგორ მოქმედებს ის სხვებზე. არ არის აუცილებელი, რომ შენი სუნამო ყველას მოსწონდეს, მთავარია, რომ შენ გქონდეს სურნელით სიამოვნება და თავდაჯერებულობა. სუნამო შენი პიროვნული სტილის ნაწილი უნდა იყოს და არა უბრალოდ ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ სხვა ადამიანების ყურადღების მიქცევას ემსახურება.
დასკვნა
სუნამოს არჩევა პირადი და ინდივიდუალური პროცესი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი სურნელი სხვა ადამიანების ყურადღებასაც იპყრობს, მაგრამ ამის გამო არ უნდა ვცდილობდეთ საკუთარი გემოვნების ცვლილებას. ნუ დაეყრდნობი სხვების მოსაზრებებს ან კომპლიმენტებს – ეს შენს პირად არჩევანს არ უნდა განსაზღვრავდეს.