კატეგორიის გარეშე

საზაფხულო ხრიკები სიელის სილამაზის მაგებისგან

“Ciel” – ფრანგულად ცას ნიშნავს, ცისფერ, ზოგჯერ ღრუბლიან, ზოგჯერ მზის სხივების მუსიკაზე აცეკვებულ ცას. ახლა ზაფხულია და მთელი წლის დარდები ოქროსფერი ბურთის ცელქმა ისრებმა, უკვე გადარეკეს წარსულის მოგონებებში და დაიწყეს ახალი სიცოცხლის ფილოსოფიის შესწავლა.

სიელის სილამაზის მაგებმა ამჯერად ქვიშიან სანაპიროებს, ოკეანის ქაფს, პალმების ჩრდილებსა და ტროპიკული ხილის ხრაშუნა გემოებს მიაშურეს და ნაპირზე უცნაურად მბზინვარე ელემენტი შეამჩნიეს.

სილამაზის მაგები ინტერესიანი საზოგადოების წევრები არიან, ნიმფებივით მოხდენილად მოძრაობენ და თქვენთვის ახალ-ახალ ინფორმაციას ეძებენ. უცნაურმა სინათლემ თითოეულ მათგანს მოსჭრა თვალი, ჭრელი ქოლგები სანაპიროზე დატოვეს და მაშინვე ნაპირზე გამორიყულ ახალ საიდუმლოს მისცვივდნენ.

სუნამოს ძველებური მოვარდისფრო ფლაკონი მზის სხივებს ირეკლავდა. საცობი ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ გადაატრიალეს, თავი მინის ბოთლს მოაცალეს და დაკეცილი წერილი ამოაძვრინეს. „მათ, ვისაც უყვარს ზაფხულის ცა და Ciel-ის პარფიუმი.“ – ხმამაღლა წაიკითხეს და მაშინვე სიელისკენ აიღეს გეზი.

სუნამოს ბლოგის მკითხველს ალბათ ხშირად უფიქრია, რითია ზაფხული განსაკუთრებული მათთვის, ვისაც პარფიუმი უყვარს? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სეზონი დაუვიწყარი იყოს ჩვენთვის და ყველასთვის, ვინც ჩვენ გვერდით ჩაივლის? დღეს ამ შეკითხვას, მზიანი ვოიაჟიდან დაბრუნებული სიელის სილამაზის მაგები პასუხობენ.

 

              ლეგენდა ოკეანის ნაპირზე გამორიყული სუნამოს შესახებ

 

ხრიკი #1 – ჩრდილი, მზის აბაზანების ნაცვლად

თუ ამ დრომდე სუნამოს ფლაკონების სააბაზანოს თაროზე დატოვება ან მანქანაში შენახვა გიყვარდათ, დროა ამ მავნე ჩვევას დაემშვიდობოთ. ტენიანობა, მზის პირდაპირი სხივები, ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობა და ზაფხულის სხვა მარგალიტები, თქვენს სუნამოსთან ვერ იმეგობრებენ.

პარფიუმის ყველა მოყვარულისთვის ოაზისი არის იქ, სადაც სუნამოს არომატი მდგრადია. თუ „ნირვანაში“ გასამგზავრებელ ბილეთს სულმოუთქმელად ელოდებით, თქვენი სუნამოს ფლაკონი მზის აბაზანებს მოარიდეთ, შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, შედარებით ბნელ ადგილას.

Chanel Eu de Parfume და Chanel Eu de Toilette

 

ხრიკი #2 – საზაფხულო თანამგზავრი – EDT თუ EDP?

იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია სურნელოვანი ზეთის კონცენტრაცია, სუნამოები კლასიფიცირდება, როგორც EDT (Eu de toilette) EDP (Eu de Perfume). პარფიუმ სამყაროს ერთ-ერთი საზაფხულო საიდუმლო ის გახლავთ, რომ ასფალტზე არეკლილი მზის ფეხდაფეხ სეირნობის დროს, უმჯობესია, თანამგზავრად EDT-ს შერჩევა.

სურნელოვანი ზეთის დაბალი კონცენტრაციის გამო, ე.წ. ტუალეტის წყალი მარტივად უმკლავდება ნოტიოსა და თბილ კლიმატს. მართალია, მისი არომატი მხოლოდ 2-3 საათის განმავლობაში ინარჩუნებს მდგრადობას, მაგრამ სიმსუბუქე, რომელიც ამ კატეგორიის სუნამოებს თან დასდევს, იდეალურ საზაფხულო კომპოზიციებს ქმნის.

სიელის ულამაზეს შუშის ფლაკონებში სწორედ ზაფხულის ის არომატები ჩასახლდნენ, რომლებიც თქვენთან ერთად მოგზაურობაზე ოცნებობენ. ამიტომ, ჩაალაგეთ ფერადი ჩემოდნები, მოემზადეთ გასამგზავრებლად და ყველაზე მყუდრო ადგილი თქვენი არომატული თანამგზავრისთვის გამოყავით.

 

სუნამოს ფლაკონიდან გადმოფრქვეული ჯადოქრობა

 

ხრიკი #3 – არომატული გარდერობის მაგია

ზაფხულის მოსვლასთან ერთად გარდერობის გადახალისების დღეები დგება. თბილი, ნაქსოვი სვიტრები, მაღალყელიანი, ბელთიანი ჩექმები და ფუმფულა ბერეტები ყუთებსა და საწყობებში ინაცვლებს და გზას კოპლებიან სარაფნებს, მოწნულ შლაპებსა და ესპადრილებს უთმობს.

აქამდე არასდროს გიფიქრიათ, რომ თქვენი სამოსისა და სუნამოს გადაკვეთის წერტილი მოგეძებნათ? მზის ენერგიის ამოფრქვევასთან ერთად, ეს წერტილი უფრო და უფრო მკაფიო და ადვილად შესამჩნევი ხდება.

საზაფხულო ქსოვილები – ბამბა და აბრეშუმი, არომატების არაჩვეულებრივი გამტარია. შეაფრქვიეთ სუნამო სპეციალურად იმ დღისთვის შერჩეულ ტანსაცმელს და შექმენით ახალი, ცვალებადი შლეიფი.

როგორც პარფიუმის ჭეშმარიტ მოყვარულს, არ დაგავიწყდეთ, რომ პირველი გაფრქვევა ყოველთვის საცდელია. ხოლო, თუ გსურთ, რომ თქვენი სხეული მთლიანად დაფაროს არომატულმა კრისტალებმა, რამდენჯერმე მსუბუქად გააფრქვიეთ სუნამო და გრაციოზული მოძრაობით გაიარ-გამოიარეთ სურნელების კასკადში.

ეზიარეთ არომატული გარდერობის მაგიას – ქუჩაში ადევნებულ მოხიბლულ მზერებს, როგორ ერწმის სუნამოს ჯადოსნური ელემენტები, ერთ ნაწნავად შეკრულ თმას.

 

ხრიკი #4 – ნაწნავში ჩაბნეული სურნელი

იცოდით, რომ იქ, სადაც თქვენი კისრის ხაზები თქვენი თმის ბოლოებს ხვდება, არომატები განსაკუთრებული ენერგიით იპყრობენ ჰორიზონტებს?

სიელის სილამაზის მაგებმა სუნამოს ფლაკონში ნაპოვნ წერილში ეს ინფორმაციაც ამოიკითხეს და მაშინვე შეგატყობინეს!

ამიტომ, თუ თქვენი საყვარელი არომატების ოკეანეში შეცურვა და სიცხისგან ახურებული სახის გაგრილება გსურთ, სუნამოს დასხმის დროს ნურასდროს დაივიწყებთ თმას! სურნელი, რომელსაც თქვენი თმის ბოლოები შეინახავს, არაჩვეულებრივ დუეტს შექმნის, თქვენს მზის დამცავ ლოსიონთან ერთად.

და, თუ როდესმე მაღალ კოშკში ოქროსთმიანი რაპუნცელივით თქვენც გამოგკეტავენ, ნაწნავში ჩაბნეული სურნელის დახმარებით, რამდენიმე მოძრაობით დაატყვევებთ სარკმლის წინ მდგომ საოცნებო პრინცს.

ჩაიკარგეთ ზაფხულის ოცნებების ჩახლართულ ლაბირინთში ისე, რომ ტყის არომატებით თავბრუდახვეული მხოლოდ გრძელთმიანმა ფერიებმა აღმოგაჩინონ.

 

იქ, სადაც სუნამოს შლეიფი და მაჯის პულსაცია ერთმანეთს ხვდება

 

ხრიკი #5 – თქვენი პარფიუმ-ანატომია

როგორც თქვენი ემოციები ფეთქდება იქ, სადაც მათთვის განკუთვნილი სივრცე ფართოა, ასევე, თქვენმა სუნამომაც იცის, როგორ გაიკვლიოს გზა თქვენს სხეულზე.

პარფიუმ-ანატომიის ფილოსოფიას თუ დავუჯერებთ, ზაფხულში, ცხელ ამინდში თქვენი პულსაციის წერტილები გააქტიურებულია, ამიტომ, სუნამო ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს არომატებს მაშინ, როდესაც მას იქ ისხამთ, სადაც თქვენი პულსი აქტიურად ცემს.

მოღერებული ყელი, თხელი მაჯა, გრძელი კისრის უკანა მხარე და ა.შ… ეს ის ადგილებია, სადაც სუნამოს ჯადოსნური წვეთები სიხარულით იდებენ ბინას.

შეარჩიეთ სწორი წერტილები და დასახეთ არომატული სიმფონიის შექმნის საუკეთესო გეგმა.

სიელის სილამაზის მაგდები გაფრთხილებენ – არ გადააჭარბოთ! არ დაგავიწყდეთ, რომ თუ პარფიუმის დასხმიდან რამდენიმე საათი გავიდა და თქვენ არომატის სიმძაფრეს ვეღარ გრძნობთ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ვერც სხვები გრძნობენ მას!

 

ხრიკი #6 – ზაფხულის აკორდების სანოტო სისტემა

ზაფხული ყვავილობის, კვირტების აფეთქებისა და ფერების სეზონია, თუმცა პარფიუმის ბუკეტი ყვავილების თაიგულში ნუ შეგეშლებათ. მრავალფეროვანი ყლორტები ყვავილების მაღაზიის პრესტიჟია, ხოლო, სუნამოს შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარადაა.

სუნამოს ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ზაფხულში ისეთი არომატული ფუჟერი უნდა შევარჩიოთ, რომელიც ერთი ან, მაქსიმუმ ორი ნოტისგან შედგება. მზისა და მაღალი ტემპერატურის გამო, ზაფხულში სუნამო სწრაფად ორთქლდება. მრავალნოტოვანი პარფიუმი მზის სხივებთან ცეკვის შემდეგ, არასასიამოვნო სუნს იძენს.

შეარჩიეთ ცოცხალი და მაცოცხლებელი არომატები. გააკეთეთ არჩევანი სიმსუბუქის სასარგებლოდ და შეხვდით ცხელ ამინდებს სულიერად გაგრილებული. ზაფხულის აკორდების სანოტო სისტემა სწრაფ ეტიუდს უნდა ჰგავდეს.

შემოიხვიეთ ყვავილოვანი ან ციტრუსოვანი შლეიფი, შეცურეთ ოკეანის ქაფში, ან გაისეირნეთ წიწვოვან ბილიკებზე. სიელის სილამაზის მაგები ბლოგის მკითხველებისთვის ინფორმაციის შესაგროვებლად, მალე სულ სხვა, ახალ ვოიაჟს დაგეგმავენ.

იქამდე კი გახსოვდეთ – ზაფხულში ყველაფერი მარტივია!

author-avatar

CIEL შესახებ

სუნამოების ინდივიდუაური შერჩევის კონსულტანტი, სუნამოს ექსპერტი 2004 წლიდან. ვეხმარები ადამიანებს - მათ შორის, შეყვარებულ წყვილებს, საყვარელი სუნამოების შერჩევაში.

კომენტარის დატოვება